წყარო: IDFI
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა საქართველოში ე.წ. ლუსტრაციის განხორციელებას და საბჭოთა რეჟიმის სამართლებრივ შეფასებას. სამწუხაროდ, საოციალისტური ბლოკის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით (პოლონეთი, ბულგარეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები), რომლებმაც სწორედ ლუსტრაციის განხორციელებით შესძლეს კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებრივი სახის წარმოჩენა და საკუთარი საზოგადოებების განვითარების ცივილიზაციური დისკურსის განმტკიცება, საქართველომ რიგი ობიექტური (არქივების ნაწილის განადგურება) თუ სუბიექტური (პოლიტიკური ნების არ არსებობა) ფაქტორების გამო ვერ შეძლო ამ მტკივნეული მაგრამ აუცილებელი რეფორმის გატარება.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) ლუსტრაციის საკითხებთან მიმართებაში ორი კვლევა აქვს გამოქვეყნებული: პირველ კვლევაში გაანალიზებული არის ლუსტრაციის საერთაშორისო პრაქტიკა, ხოლო მეორე კვლევა განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონთან „თავისუფლების ქარტია“ მიმართებაში 2015 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს კანონს „თავისუფლების ქარტია“ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მხოლოდ 20 წლის შემდგომ, 2011 წლის 31 მაისს მოეწერა ხელი. კანონის ერთ-ერთი მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.
იმისათვის, რომ განახორციელოს აღნიშნული მიზნები, „თავისუფლების ქარტია“ ითვალისწინებს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს.აღნიშნული კანონი, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ლუსტრაციის სრულყოფილი პროცესის განხორციელებას, მაგრამ გარკვეულწილად ქმნის მექანიზმს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა და რეჟიმთან დაკავშირებულ თანამდებობის პირთა აღრიცხვა. მაგალითად, კომისია საჯაროდ აცხადებს იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ მაღალი თანამდებობა (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მოსამართლე, გუბერნატორი, სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი და პრორექტორი, დეკანი და ა.შ.) და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.
საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ განსაკუთრებით საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ დასახელებულ კომისიაში წევრების წარდგენის უფლება აქვთ ასევე საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. პარლამენტის წევრთა მონაწილეობას კომისიაში განამტკიცებს კანონის მე-7 მუხლი. ეს არ არის კანონით დადგენილი მოთხოვნა მაგრამ ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს პარლამენტის წევრების ამ შესაძლებლობის შესახებ. თუ პარალელს გავავლებთ საერთაშორისო პრაქტიკასთან ვნახავთ, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ საკანონმდებლო ორგანომ შეასრულა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ლუსტრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში, ხოლო სხვა ქვეყნებში, სადაც ლუსტრაციის პროცესი წარუმატებლად წარიმართა, ეს უკავშირდებოდა სწორედ საკანონმდებლო ორგანოების შესრულებულ პასიურ როლს სახელმწიფოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროცესის წარმართვაში.
საკითხისადმი მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, IDFI-ი დაინტერესდა იმით, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული კომისია და რა ღონისძიებები გაატარა აღნიშნულმა კომისიამ კანონის აღსრულების მიზნით. 2015 წლის 2 დეკემბერს IDFI-მ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული სახელმწიფო კომისიის შექმნისა და ამ კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, რამდენი სხდომა ჩაატარა კომისიამ, შეიქმნა თუ არა ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების (რომლებმაც ნებაყოფლობით აღიარეს ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა) რეესტრი, რამდენი პირის შესახებ იქნა მონაცემი შეტანილი რეესტრში და სხვა საკითხებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული განცხადება გააგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საიდანაც 2015 წლის 30 დეკემბერს IDFI-მ მიიღო პასუხი. როგორც მიღებული წერილიდან ჩანს, საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული კომისია შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ 2014 წლის 28 მაისს და განიხილა მხოლოდ „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული რეესტრის შექმნის მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის #167 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებდა კომისიას არანაკლებ სამ თვეში ერთხელ შეკრებას.
წერილიდანვე ჩანს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის #167 ბრძანება, რომელითაც შეიქმნა კომისია და დამტკიცდა კომისიის დებულება, ძალადაკარგულად გამოცხადდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის #561 ბრძანებით. შესაბამისად, თუ ასევე გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული კომისია შეიქმნა კანონის ხელმოწერიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მისი შექმნიდან კომისიამ იარსება მხოლოდ 1 წლის და 5 თვის განმავლობაში და შეიკრიბა მხოლოდ ერთხელ.
ქვემოთ მოცემულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2015 წლის 30 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, IDFI-სთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბერის #115 ბრძანებით შეიქმნა ახალი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან:
ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) გიორგი ლილუაშვილი – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; გ) გიორგი კევლიშვილი – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი; დ) კობა გოგიბერიძე – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; ე) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსი; ვ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე – პირველი განყოფილების უფროსი; ზ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს უფროსი; თ) ზურაბ კვირიკაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).
ასევე ბრძანებაში მითითებულია, რომ კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ოქროპირიძეს; ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს არქივის დირექტორს ომარ თუშურაშვილს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო – ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს უფროსს სულხან მელაშვილს.
2015 წლის 30 დეკემბერს, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის #122 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოთ დასახელებულ კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ 2015 წლის 21 დეკემბრის #115 ბრძანებაში და ბრძანების ამოქმედების და შესაბამისად კომისიის ფუნქციონირების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 1 მაისი. კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ ბრძანებით ასევე დამტკიცდა კომისიის საქმიანობის წესი, სადაც სავალდებულო წესით შეხვედრების ჩატარების რაოდენობა აღარ ფიგურირებს.
იმისათვის, რომ საქართველოში რეალურად განხორციელდეს ლუსტრაცია, ისევე, როგორც ეს მოხდა სოციალისტური ბანაკის სხვა წევრ ქვეყნებში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აუცილებლად მიიჩნევს ქმედითი კომისიის შექმნას, რომელიც დაინტერესებული იქნება „თავისუფლების ქარტიის“ პრინციპების იმპლემენტაციით.
დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული სახელმწიფო კომისია ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე საქართველოს პარლამენტი (როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ ითვალისწინებს კომისიაში პარლამენტის წევრების მონაწილეობას), ვერ უზრუნველყოფენ „თავისუფლების ქარტიის“ პრაქტიკაში განხორციელებას.
ამავდროულად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს კომისიას, მონაწილეობა მიიღოს მის გამართულ ფუნქციონირებაში და მოამზადოს და მიაწოდოს კომისიას საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.